შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო პროექტის მიმდინარეობა საგრანტო განაცხადის მომზადების ეტაპიდან დღემდე, ხაზი გაუსვა მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებს.
ღონისძიების განმავლობაში წარდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ადაპტაციის გეგმის პრეზენტაცია. დისკუსია ფოკუსირებული იყო მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე, რისკებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გელაურის მწვანე პარკის პროექტი, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის კონცეფცია. გაიმართა სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის — შპს „ბილდერი 2017“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პარკის პროექტის სხვადასხვა ასპექტები. LAP ჯგუფის წევრებმა ასევე წარადგინეს რეკომენდაციები მწვანე ზონების დაგეგმარებასა და გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებასთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში, სადაც მონაწილეებმა აზრები გაცვალეს კლიმატის ცვლილების გავლენაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტზე, ადაპტაციის შესაძლებლობებსა და ადგილობრივი ინტერვენციების მნიშვნელობაზე.
ადგილობრივი ადაპტაციის ჯგუფის შეხვედრები LAP BLACK პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მიზნად ისახავს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ.